ჯანდაცვის მინისტრის წარდგენა

ჯანდაცვის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღე. მიხეილ სარჯველაძე თანამშრომლებს პირადად პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა და კიდევ ერთხელ განუმარტა თუ რატომ შეაჩერა არჩევანი მის კანდიდატურაზე. ახლა მთავარი კითხვაა ასეთია – გააგრძელებს თუ არა წინამორბედის დაწყებულ რეფორმებს ახალი მინისტრი და რა მიმართულებით განახორციელებს ცვლილებებს. ამ საკითხებზე მიხეილ სარჯველაძეს დღეს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სექტორთან კომუნიკაციის შემდეგ იქნება მიღებული. შეგახსენებთ, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა მიმდინარე წლის 1 მარტს, პრემიერის გადაწყვეტილებით დატოვა. ირაკლი კობახიძემ ამის მიზეზად სექტორთან კომუნიკაციის პრობლემა დაასახელა, რაც მისივე შეფასებით, განსაკუთრებით რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე გამოიკვეთა. მიხეილ სარჯველაძის პირველი დავალებაც სწორედ რესპუბლიკურ კლინიკას უკავშირდება. უახლოეს მომავალში, ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას კლინიკის ახალი პროექტი უნდა წარუდგინოს.