იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

იუსტიციის მინისტრის ხმაურიანი გამოსვლა პარლამენტში. მეცხრე საათია, რატი ბრეგაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაა, რომლის გამოც მინისტრს ოპონენტების მწვავე კრიტიკის და მძიმე ბრალდებების მოსმენა უწევს. თვითდაზიანება და სიმულაციური ქმედებები თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება – დარბაზიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე რატი ბრეგაძემ პოლიტიკოსებს ამჯერად ტრიბუნიდან უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს იღებს და მისი ყველა უფლება დაცულია. ყველაზე მწვავე კრიტიკის სამიზნე მთავრობის წევრი ექს-პრეზიდენტის კადრების გავრცელების გამო გახდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის გზით მღელვარების გამოწვევის საფრთხე – ამ ორი არგუმენტით ახსნა დღეს მინისტრმა კლინიკა „ვივამედის“ პალატაში სხვადასხვა დროს გადაღებული კადრების გასაჯაროება.