იუსტიციის მინისტრის განცხადება

უცხოელი ექიმების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთ პოლონელ ექიმს პროვოკაციულ და სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედებაში ადანაშაულებს.

ბრეგაძის უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ და პოლონეთის საელჩოსგან განმარტებების მოთხოვნისკენ მოუწოდებს. საუბარია პოლონელი ექიმის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტისგან ბიოლოგიური მასალის ნიმუშის აღებაზე. სამინისტროს განმარტებით, მედიკოსი ქაღალდში გახვეული ნიმუშის მალულად, ფეხსაცმლით გატანას ცდილობდა. ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც. შეგახსენებთ, რომ უცხოელი მედიკოსების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ ორი დღის წინ იმყოფებოდა.