იუნ სოკ იოლს ამბოხის ხელმძღვანელობისთვის ბრალი წარუდგინეს

სამხრეთ კორეის უფლებამოსილება შეჩერებულ პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს პროკურატურამ ამბოხის ხელმძღვანელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა. საუბარია იუნის მიერ 3 დეკემბერს მოულოდნელად შემოღებულ საომარ მდგომარეობაზე, რომლის მიზანიც, პროკურატურის მტკიცებით, პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხება იყო. საქმეს ამ დრომდე ანტიკორუფციული სააგენტო იძიებდა, რომელმაც პროკურატურას იუნისთვის ბრალის ოფიციალურად წარსადგენად რეკომენდაცია მისცა. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება. იუნ სოკ იოლი 15 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პარლამენტმა მას 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა და ახლა უფლებამოსილების სამუდამოდ შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად 180-დღიანი ვადა აქვს.