ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის სამდღიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ეგვიპტის და გაერო-ს შუამავლობით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის მიუხედავად, სამხრეთ ისრაელში დღეს სკოლები დახურული იქნება. კონფლიქტის ფონზე, ისრაელის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა პალესტინელებს რაკეტების გაშვების შეწყვეტისკენ მოუწოდა. გასული ღამის განმავლობაში ქალაქ აშკელონში განგაში რამდენჯერმე გაისმა.

ისრაელში საქართველოს კონსულის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 4 და 5 მაისის განმავლობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600 რაკეტა გაუშვეს. ისრაელმა საპასუხოდ, ღაზას სექტორში 320 სამიზნე დაბომბა. ორდღიანი კონფლიქტის შედეგად ისრაელის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშს კი 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.