9 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გუშინ ძველი თბილისის რაიონულ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე. საქმე ეხება მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც, შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც გამოკითხვის შემდგომ ირაკლი ნადირაძემ განმარტა, პირი, რომელიც მას თავს დაესხა, მას მანამდე არ იცნობდა, შესაბამისად ის ეჭვობს, რომ აღნიშნული პიროვნება სუს-ის აგენტ-პროვოკატორი იყო, რომელმაც მას ჩხუბი მას შემდეგ დაუწყო, რაც მისი ვინაობა გაიგო. ნადირაძისთვის უცნობია, იდენტიფიცირებულია თუ არა აღნიშნული პირი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სამედიცინო ექსპერტიზას სავარაუდოდ ორშაბათს ჩაუტარებენ.