ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

ოკუპირებული გალის რაიონში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მიმდინარეობდა.

ოჯახს სამძიმარი პოლიტიკოსებმაც გამოუცხადეს. სენაკში ჩავიდა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ ხელმძღვანელიც. ორგანიზაცია მომხდარის მოკვლევას აწარმოებს. მარიამ ჯიშკარიანი განმარტავს, რომ წინასწარი დათვალიერებით სხეულზე იყო ერთეული დაზიანებები. ზუსტი პასუხისთვის ორგანიზაცია ექსპერტიზის პასუხს ელოდება. „ემპათია“ გეგმავს, სოხუმის ექსპერტიზის დასკვნაც გამოითხოვოს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელია სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. თვითმკვლელობის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ვერსიას კვარაცხელიას ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან.