ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს დღეიდან მსჯავრდებულის სტატუსი აქვს. ხუთწლიანი პატიმრობა, ერთი მილიონი ლარი ჯარიმის სახით და სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხის კონფისკაცია – ასეთია საპროცესო შეთანხმების პირობები. ინფორმაცია სასამართლო პროცესის გამართვის შესახებ წინასწარ არ გავრცელებულა. მთავრობის ყოფილი მეთაური ბრალის აღიარების შემდეგ დარბაზშივე დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია – ასეა ფორმულირებული ბრალდება, რომელშიც ექს-პრემიერი დამნაშავედ სცნეს. საქმე ეხება სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული თანხების დეკლარაციებში არ ასახვას. სამი თვის წინ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს. საქმეზე დღეს განაჩენი არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანეს.
ადვოკატი მტკიცებულებების ნაწილის გაზიარებაზე და ბრალის ფორმულირების შეცვლაზე საუბრობს – რა იგულისხმება ამ განცხადებაში, – ანა ბროლაძე დეტალებით.