ირაკლი ღარიბაშვილის წერილი – გამოკითხვები გრძელდება
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები ისევ გაგრძელდება. გამოძიების შეკითხვებს დღეს გიორგი ლილუაშვილი პასუხობს, ხოლო ორშაბათიდან გამოკითხვაზე ზაზა დავითაია და დიტო ჩუბინიძე არიან დაბარებული. შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში, საქმესთან დაკავშირებით, გამომძიებლის კითხვებს უკვე რვა პირმა უპასუხა. ნაწილმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. მათ შორის, უკვე გამოიკითხა: „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე და თაზო დათუნაშვილი. გამომძიებლის კითხვებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმაც უპასუხა. ჯამში, საგამოძიებო უწყებას, გამოსაკითხად 11 პირი ჰყავს დაბარებული. უკვე გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. ამ დრომდე გამოკითხულ პირთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით, არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და მას საერთოდ არ იცნობდნენ. საკითხი უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.