ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

ნატო საქართველოსგან შიდა რეფორმებზე მუშაობის გაძლიერებას ელოდება. ასეთია მთავარი გზავნილი იენს სტოლტენბერგისგან, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო. საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები ბრიუსელში დასრულებულია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ალიანსის წევრების სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მიესალმა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ნატო-საქართველოს სამომავლო პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში გამართული კიდევ ერთი შეხვედრა. 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილისგან პირადად მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. სწორედ ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.