ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

ნატო საქართველოსგან შიდა რეფორმებზე მუშაობის გაძლიერებას ელოდება. ასეთია მთავარი გზავნილი იენს სტოლტენბერგისგან, რომელმაც დღეს საქართველოს პრემიერი მიიღო.

ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრა არსებითი პაკეტის გაფართოებას და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს დაეთმო. ევროინტეგრაციის გზაზე სტოლტენბერგმა ქვეყანას მხარდაჭერის პირობა მისცა, ამ თემაზე საუბრის დროს ნეგატიურ კონტექსტში ახსენა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული რეზონანსული კანონპროექტიც, რომელსაც მარტში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ნატოს გენერალური მდივნისთვის საქართველო ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს წარმოადგენს, იყო მკაფიო მოწოდებებიც რუსეთის მისამართით. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში გამართული კიდევ ერთი შეხვედრა. როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 რეკომენდაციას – ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილისგან პირადად მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. სწორედ ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს წლის ბოლოს საქართველოს სტატუსის საკითხი.