ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა 

უკვე მეორედ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

პრემიერის პოსტის დატოვებიდან წელიწადსა და სამ თვეში ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თანამდებობიდანაც გადადგა. გამოსამშვიდობებელ ტექსტში მან პარტია ერთიან და ძლიერ ძალად დაახასიათა, განსაკუთრებულად აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის წვლილი, საკუთარი მისია კი შესრულებულად გამოაცხადა. ბოლო პერიოდში მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილებების და გუნდიდან ძველი სახეების წასვლის ფონზე გაჩნდა კითხვა – ხომ არ იგეგმება ახალი პარტიის შექმნა. თუმცა ღარიბაშვილმა პოლიტიკური გეგმები უარყო და დიდი ალბათობით კერძო სექტორში წასვლა დააანონსა. სახელისუფლებო პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ პრემიერთან უთანხმოებაც არ დაადასტურა. „ქართულ ოცნებაში“ 2012 წლიდან მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან გადადგომიდან ოთხი წლის შემდეგ, 2019 წელს პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა. პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება ექს-პრემიერმა არც დღეს გამორიცხა.