ინტოქსიკაციის შემთხვევები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღებში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ქუთაისის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით კიდევ ექვსი აღსაზრდელი გადაიყვანეს. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 ბავშვი მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე ყველას დაუდგინდა შიგელოზის დიაგნოზი.

ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა, როგორც საკვები, ასევე რძის პროდუქტი გამხდარიყო. მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს.

საბოლოო დასკვნის მიღებამდე კი ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. რამდენიმე დღის წინ „ჰოსპიტალ მედიქალ სითიში“ 26 ბავშვი შეიყვანეს. საერთო ჯამში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წყალტუბოს ბაღებიდან სამედიცინო დაწესებულებებში 32 აღსაზრდელი მოხვდა.