„მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და განიცდის თუ არა ამ საკითხზე რამე გარე ზეწოლას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე. „როგორც პრეზიდენტმა, მე უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც კვლავ ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას. ისეც არ არის, ქართველი ხალხი მიიჩნევდეს, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. ისინი შეიძლება, არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ მას შესაძლოა, ეპყრობოდნენ არა ისე, როგორც პრეზიდენტს უნდა ეპყრობოდნენ. ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის – შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობით. არის შეგრძნება, რომ საჭიროა მასთან ღირსეულად მოპყრობა და გადაწყვეტილების მოძებნა. აღვნიშნავ, რომ ექსტრადირების მოთხოვნა არ ყოფილა. ყველაფერი ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა. შეწყალება მორალური საკითხია, რომელზეც მე პასუხისმგებლობა მეკისრება ადამიანების წინაშე, რომლებიც სხვადასხვანაირები არიან. თუმცა, მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემი კავშირებით და ვცდილობ ვიმუშაო ხელისუფლებასთან გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც უფრო მეტად იქნება იმის შესაბამისი, თუ როგორ უნდა ყოფილ პრეზიდენტთან მოპყრობა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. მათ შეუძლიათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვანაირი რეაგირება, თუმცა მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. ისინი პასუხისმგებლები არიან ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის საკითხმა შესაძლოა უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობა დაანგრიოს, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას. სალომე ზურაბიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზეც, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სიტუაციაა.