ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ განცხადება

ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ რედაქციაში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც ოპერატორ გიორგი მურვანიძის დაკავების დეტალებზე ისაუბრეს. გიორგი მურვანიძის განცხადებით, მას საკუთარ ტელეფონში ჰქონდა დაფიქსირებული როგორც ბათუმის პოლიციის უფროსთან საუბარი, სადაც ისმის მუქარა, ასევე მისი დაკავების პროცესი, თუმცა, პოლიციის განყოფილებაში დაბლოკილ მობილურ ტელეფონში არსებული ყველა ფაილი და პირადი მონაცემი წაშალეს. საია-ს აჭარის ოფისის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძე აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით, რადგან მათი თქმით, პირად მონაცემებზე უკანონო წვდომა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ინტერნეტგამოცემა „ბათუმელებში“ აცხადებენ, რომ მურვანიძის დაკავება იყო გამოცემის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და იმ სახელისუფლებო შეტევის გაგრძელება, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს.