ინფრასტყრუქტურული პროექტების განხორციელების სამუშაოები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

მინისტრმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები, საბავშვო ბაღისა და სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობა, ბიატლონის ახალი ტრასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები დაათვალიერა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამი პროექტის ფარგლებში ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას. სამუშაოები ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს და ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 15 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ, ტრასაზე ასფალტის საფარი მოეწყო, რაც საშუალებას იძლევა სპორტული და ტურისტული აქტივობებისთვის სათხილამურო ტრასით ზაფხულშიც ისარგებლონ. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე ხაშურის მუნიციპალიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო მიმდინარე და უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ხაშურის, სოფლების – ზემო და ქვემო ოსიაურის და ცხრამუხას 24 საათიანი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინების სისტემის მშენებლობისთვის სამუშაოები გრძელდება. ეწყობა 200 კმ წყალმომარაგებისა და 45 კმ წყალარინების სრულიად ახალი ქსელი. ასევე, მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების სამშენებლო სამუშაოები. მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტები. მათ შორის, ახლად რეაბილიტირებული დავით კაკიაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლა, რაც 440 მოსწავლეზეა გათვლილი.