ინციდენტი ჩოხატაურში

ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები ჩოხატაურში პოლიციის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. ისინი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებისგან პასუხებს ითხოვენ. საუბარია დაპირისპირებაზე, რომელიც ჩოხატაურში დღეს დილით მოხდა, როდესაც, არსებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა, რა დროსაც, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, მათ მმართველი გუნდის მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ნოდარ დუმბაძის სკვერში დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს და სკვერის ნაწილის გასხვისებას აპროტესტებდა. ბრალდებებს მშენებლობასა და ძალადობასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა „ქართული ოცნება“. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით უკვე დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.