ინციდენტი ბათუმის ბულვარში გამართულ აქციაზე

სალომე სამადაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯელალ ქიქავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მოითხოვს, რომ სამადაშვილმა პარტია დატოვოს. ქიქავამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სალომე სამადაშვილმა ბათუმში აქციაზე მომხდარი ფაქტი დაგმო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს. იმის გამო, რომ სალომე სამადაშვილმა ის პირებიც გააკრიტიკა, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი მოიწონეს, ჯემალ ქიქავა მას დაემუქრა, რომ ბათუმში ჩასვლისას მასაც იგივე ელის, რაც ირაკლი ჩავლეიშვილს. ბათუმში მომხდარმა ფაქტმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მომხდარი ფაქტი რომან გოცირიძემაც დაგმო. განსხვავებულია პარტიის სხვა ლიდერების პოზიცია.