ეპოქალური მოღვაწეობის დასასრული. ილია მეორე საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით, გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. უსაზღვროა ერის სულიერი წინამძღოლისადმი მრევლის სიყვარული. საპატიო და მძიმე მისია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურმა ღირსეულად შეასრულა და თავისი მოღვაწეობით ერს ერთგულების, სიბრძნის, მოყვასზე ზრუნვის, სიკეთის, თავგანწირვის და შეუპოვრობის მაგალითი მისცა. ოცნებობდა ქვეყნის გამთლიანებაზე და აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, რაც აუხდენელ ოცნებად დარჩა. საქართველოსთვის ყველა რთულ და კრიზისულ მომენტში ერი რჩევას და ხსნას სწორედ მისგან ელოდა. თავისი სიბრძნით, მრავალმხრივი ცოდნით, გონიერებით და ავტორიტეტით ქვეყანას არაერთხელ აარიდა განსაცდელი. მისი ცხოვრება სავსე იყო ისტორიებით, რომლებსაც ემოციების გარეშე ვერ მოისმენთ. ადამიანები, რომლებსაც უწმინდესთან მრავალწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ, პატრიარქთან გატარებულ დღეებს და მის განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებს იხსენებენ, მათ შორის ყველაზე მძიმე დღეს – სულიერ მამასთან გამომშვიდობების ბოლო წუთებს.