აღსაყდრების დღიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა პატრიარქის მონაწილეობის გარეშე. არ ყოფილა არც გამარჯვების, არც ტკივილის, რწმენისა და მომავლის იმედის არც ერთი თავი, ილია მეორის მზრუნველობა რომ არ შეხებოდა. ასე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, როცა ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიო თანამეგობრობას შექმნილი ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტაში დახმარება სთხოვა. ის სასულიერო პირებთან ერთად ჯერ გორში, შემდეგ კი ზემო ნიქოზში ჩავიდა, ამხნევებდა ომისგან სასოწარკვეთილ მოსახლეობას და ლოცვით ანუგეშებდა საქართველოს გადარჩენის იმედით. პატრიარქის უშუალო მონაწილეობით მოხერხდა კონფლიქტის ზონიდან დაჭრილების გამოყვანა და დაღუპულების გადმოსვენება.
ნაომარ ქალაქში ყველას ახსოვდა, როგორ დაიტირა პატრიარქმა გმირი ჯარისკაცები, რომელთა ცხედრებიც კი შექმნილ ვითარებაში ოჯახებს სანატრელი გაუხდათ. სწორედ ილია მეორეს უმადლიან შინდისის გმირების ნათესავები, რომ უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულების დატირება შეძლეს. უმძიმესი და საპატიო მოვალეობა, რომელიც ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა თითქმის ნახევარი საუკუნე ატარა, სავსეა ადამიანური ტრაგედიებით, ტრაგედიებით, რომელთა შემსუბუქებაც პატრიარქმა საკუთარი ღვაწლით შეძლო.