პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებენ სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციების ლიდერები. საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის სახელით, მისი უმაღლესი წარმომადგენელი იმყოფებოდა. მან სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მიგელ ანხელ მორატინოსმა ხაზი გაუსვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ როლსა და მრავალწლიან ღვაწლს და გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ერს.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში კი ჩანაწერი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ დატოვა. „ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.
საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრიც. ალი ასადოვმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოხატა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ტომ ბერენდსენი. სამძიმარს საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აქვეყნებს. „მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიის ტურბულენტურ პერიოდებში. ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია სამძიმარში.
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის სახელით კი პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. „მინისტრმა თანაგრძნობა გამოუცხადა ქართველ ხალხს სულიერი ავტორიტეტის დაკარგვის გამო, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში პატრიარქად მსახურობდა“, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში კი გერმანიის პრეზიდენტის სახელით სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე ვიკი ჰარცლერიც: „ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისთვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ელჩს, საელჩოსა და მთელ ქართველ ერს,“ – ვკითხულობთ წერილში.