ილია დარჩიაშვილი პარლამენტში – მინისტრის მოხსენება და მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან
რას აკეთებს ქვეყნის პირველი დიპლომატი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის აქტუალიზაციისთვის – ეს ილია დარჩიაშვილის მიმართ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა იყო.
მზადება ნატოს 2023 წლის სამიტისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა, ომის ფონზე გაუარესებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა, ოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა – მინისტრის მოხსენება საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებას მოიცავდა. თუმცა, მთავრობის წევრს კითხვებთან ერთად ოპონენტების მწვავე კრიტიკის მოსმენაც მოუხდა. წარუმატებელი საგარეო პოლიტიკა, არასაკმარისი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე დუმილი, უკუსვლა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე – ეს ოპონენტების ძირითადი პრეტენზიები იყო. პასუხად მინისტრმა ოპოზიციას უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის ქმედებების დასაგმობად საქართველოს თანაავტორობით მომზადებული საერთაშორისო რეზოლუციები და განცხადებები შეახსენა. ილია დარჩიაშვილმა ოპონენტები აგრესიულ რიტორიკაში დაადანაშაულა.