საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებთან შეხვედრა გამართა. საუბრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ილია დარჩიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
მინისტრმა ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ხელისუფლების მტკიცე ნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მხრივ. დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ელჩების შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან. დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც გაეცნობა.