ილია დარჩიაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წარმატება უსურვა ილია დარჩიაშვილს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის ღირებულ პარტნიორთან, აქვს მჭიდრო თანამშრომლობა. ხაზი გაესვა წევრობის განაცხადის გაკეთების შემდგომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასვლას. ქართველმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადის გაკეთების შემდგომ გადადგა. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის განაგრძოს რეფორმების აქტიური პროცესი და ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც ქვეყანას გააჩნია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს.