იერუსალიმის სტატუსი

იერუსალიმის სტატუსის ცვლილება დაუშვებელია – გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ამ შინაარსის რეზოლუცია 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო. კენჭისყრაში თავი 35-მა ქვეყანამ შეიკავა. 21 სახელმწიფოს წარმომადგენელი კი სხდომას საერთოდ არ დაესწრო. მათ შორის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. აშშ-ის გადაწყვეტილების წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი  დაუჭირეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. კენჭისყრის შედეგებში ჩანს, რომ დოკუმენტს ასევე ხმა მისცა ბელარუსმა. რეზოლუციის მხარდაჭერა პალესტინის გამარჯვებად შეაფასა მაჰმუდ აბასმა. იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ კენჭისყრის შედეგს არ აღიარებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებიც ისრაელის გვერდით დადგნენ. განსაკუთრებით კი აშშ-ს – ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის. კენჭისყრის შედეგს მიესალმება თურქეთი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, გაეროს წევრმა ქვეყნებმა ამ გადაწყვეტილებით დაამტკიცეს, რომ „ღირსება და სუვერენიტეტი არ იყიდება“. მანამდე, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ აშშ-ი დაფინანსებას შეუწყვეტდა იმ ქვეყნებს, რომლებიც გაეროში ხმას ვაშინგტონის საწინააღმდეგო დოკუმენტს მისცემდნენ.