IDFI-ის განცხადება

კონსტიტუციური პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ და დოკუმენტის პირველი მოსმენით დამტკიცებას კრიტიკულად აფასებს. განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ფაქტი უარყოფითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ეს კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა, ხოლო ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით, ამ ცვლილებაზე უარის თქმა, მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა ვერ უზრუნველყო რეალურად დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება. გენერალური პროკურორის ცალმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერით დანიშვნის წესი, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს წარმოშობს. არსებული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, პროკურატურა პოლიტიკურ გავლენებს დაქვემდებარებულ ინსტიტუტად აღიქმება – ვკითხულობთ IDFI-ის განცხადებაში.