იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოკლეს

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინძო აბე გარდაიცვალა. ის თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში იყო გადაყვანილი. შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ზურგიდან ესროლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა. ის ქალაქ ნარას მკვიდრია და იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია. შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ის იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.