ნებისმიერი და მათ შორის რუსული რბილი ძალის მამოძრავებელი ფინანსებია – ფინანსები, რომლის „ინვესტირებაც“ სამიზნე ქვეყნებში მცხოვრებ მხარდამჭერ მოსახლეობაში ხდება, რომელიც მხოლოდ რბილი ძალის მოსასყიდად არ იხარჯება და რომლის მიწოდების გზების ძიებაც ისეთივე აუცილებელია, როგორც ნებისმიერი სხვა, ხისტი იარაღის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო თითქმის ერთსულოვნად შეუერთდა, კრემლს თავსატეხი გაუჩინა, თუმცა, სამწუხაროდ, ესეც დროებითი აღმოჩნდა. მოსკოვმა, მართალია გრძელი, თუმცა გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად მაინც იპოვა.
პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გაიოლებაზე განკარგულებას მოაწერა ხელი. ერთი შეხედვით, ამაში უჩვეულო შესაძლოა არაფერია და ეს კრემლს საქართველოში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ჯერ კიდევ წლების წინ, სამხედრო აგრესიამდე აქვს გაკეთებული, თუმცა მსგავსება მხოლოდ პასპორტების გაცემაში არაა: კრემლი ცდილობს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ერთმანეთს ფინანსურადაც დაუკავშიროს, ამავდროულად, საერთაშორისო სანქციები თავიდან აიცილოს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და უპირველესად კი ცხინვალის რეგიონი, რუსეთისთვის ამ მიზნის განხორციელების გზა აღმოჩნდა. ამ უკანასკნელის სეპარატისტული მთავრობა ერთადერთია, რომელმაც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათთან საბანკო ანგარიშსწორების „ლეგიტიმაცია“ მოახდინა. აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალს დამოუკიდებლობის არც შეგრძნება აქვს და არც მოთხოვნა, მათ რუსეთთან მიერთება სწადიათ და ყირიმის სცენარზე ოცნებობენ.
მოსკოვიდან ლუგანსკამდე და დონეცკამდე ცხინვალის გავლით, იარაღთან ერთად, კრემლი განაგრძობს საკუთარ არსენალში არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის შენარჩუნებისთვის. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მეორე წელია ზედიზედ ხვდება ინფორმაცია რუსეთის ფინანსური ტრანზაქციების შესახებ. უკანონო ფულადი გადარიცხვებისთვის მოსკოვმა ცხინვალში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი – „მეჟდუნაროდნი რასჩოტნი ბანკი“ შექმნა და სწორედ ამ დაწესებულების საშუალებით ახდენენ ოპერირებას მინსკის შეთანხმებებისა და სანქციების გვერდის ავლით. მექანიზმები ყოველწლიურად იხვეწება და რუსეთი ტვირთების გადაზიდვას და უკრაინის აღმოსავლეთში მყოფ სეპარატისტებს შეიარაღებასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს აწვდის.
ბანკი ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე 2015 წელს გაიხსნა. რიგითი ცხინვალელი ამ დაწესებულებით ვერ სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ იქ რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს. კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ „ბანკი რეალურად არსებობს… ცხინვალში ცენტრალური ბანკის შენობაში რამდენიმე ოთახშია განთავსებული, ჰყავთ ბუღალტერი და დირექტორიც კი, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მათი სერვისები აბსოლუტურად მიუწვდომელია“.
ე.წ. ფინანსურ დაწესებულებებს ცხინვალსა და რუსეთში ძალოვანები კურირებენ. ყოველ ჯერზე, როდესაც სეპარატისტულ ტერიტორიებზე სურთ თანხის გადარიცხვა რუსეთიდან და პირიქით, – ამას ცხინვალში ბანკის საშუალებით ახერხებენ. სამხრეთ ოსეთი ერთადერთი სუბიექტია, რომელიც ცნობს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს და საქონელი, რომლის საფასურიც გადარიცხვების საშუალებით არის გადახდილი, საწვავის, სამშენებლო მასალის და საკვები პროდუქტების ჩათვლით, აღმოსავლეთ უკრაინაში, ძირითადად სატვირთო მანქანებით რუსეთიდან იგზავნება.
პარალელურად, მოსკოვი საინფორმაციო ველსაც ქმნის, რომელშიც სულ უფრო და უფრო ცდილობს დაამკვიდროს ტერმინი „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო“ და ამით ერთგვარი ლეგიტიმაცია შესძინოს მის მიერ ოკუპირებულ რეგიონს.
კრემლი ასევე ცდილობს, შექმნას გარკვეული ფორმალური ფონიც – აპრილის ბოლოს იალტაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმიც ჩაატარა და ყველა ის სუბიექტი, სადაც რუსული ქვედანაყოფებია განლაგებული, ამ ფორუმს ესწრებოდა, მათ შორის ანექსირებული ყირიმის რესპუბლიკის ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი, რომელმაც სამხრეთ ოსეთი ყირიმის სანდო მეგობრად მოიხსენია და ისიც დაამატა, რომ მას მეგობრობა ბიბილოვთანაც აკავშირებს. თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვისთვის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი საოცნებო სცენარია. „სამხრეთ ოსეთი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს და ვფიქრობ, რა გზაც ყირიმმა გაიარა, იმას გაივლის სამხრეთ ოსეთიც“, – განაცხადა ბიბილოვმა.
როგორც ყველა ომი, რუსეთს არც ეს ომი უჯდება იაფი და მოცემულობაც საკმაოდ მძიმე აქვს: მისი ხაზინა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა, მოსახლეობა ბერდება, კორუფციის ჭაობი და გლობალური სამხედრო ამბიციები კი არცთუ მცირე გავლენას ახდენს კრემლზე და მის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერაზე.
სხვადასხვა მონაცემებით, ყირიმის ახალი ხიდი დაახლოებით 4 მილიარდი ამერიკული დოლარი დაუჯდა მოსკოვს; ასევე მილიარდებში იზომება აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ოპერაციები. ამას ემატება ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტებიც. თუმცა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის – მარია ზახაროვას განცხადებით, „სანქციების მიუხედავად, პოზიტიურად ვითარდება თანამშრომლობა მთელ რიგ სახელმწიფოებთან: სირიასთან, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან. ასევე, გრძელდება ქალაქებს შორის კავშირების გაღრმავების პრაქტიკა. ამ წლის იანვარში ხელი მოეწერა სევასტოპოლსა და სირიის პროვინცია ტარტუსს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას“. ძნელი სათქმელია, რამდენი ხანი შეძლებს ოფიციალური მოსკოვი ამ პათოსის შენარჩუნებას ფინანსური კუთხით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით აღებული კურსის შეცვლის სცენარი არ განიხილება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტს ეტაპობრივად აუქმებს. ნათელია ისიც, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს დე ფაქტო უწყებების სერვისებსა და ფუნქციებზე (ე.წ. საზღვრის დაცვა, საბაჟო მომსახურება, სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, ე.წ. თავდაცვის უწყების მუშაობა) სრული და ეფექტური კონტროლის დამყარება წარმოადგენს. ამავე ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 45% (64 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტში დაახლოებით 86% (113 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. დარჩენილი წილის შევსება კი ისევ რუსეთის მიერ გამოყოფილი არაპირდაპირი ფინანსური დახმარების მეშვეობით განხორციელდა.
ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მსგავსად, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერირება დაიწყო რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობამ. გააქტიურდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ეკონომიკური ურთიერთობები სირიასთან, რომელმაც 2018 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთს, ზოგადად, საერთაშორისო სამართლის ნომრების თავისებური ინტერპრეტაცია ახასიათებს. სწორედ ამ „ინტერპრეტაციით“, კრემლმა სამხედრო ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში „ლეგიტიმაცია“ უკვე გაუკეთა. საერთაშორისო სანქციებმა, მოსკოვს მართალია მცირე ხნით, თუმცა დისკომფორტი მაინც შეუქმნა – ომის წარმოება რესურსების გარეშე ხომ წარმოუდგენელია. ჯერჯერობით კრემლმა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა და ახლა ისევ მსოფლიო თანამეგობრობის ცივილიზებული ნაწილის ქმედითი ნაბიჯების ჯერია.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.