Heritage Foundation - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის

საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.

როგორც ანგარიშის ავტორი, ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი წერს, საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მზად არიან კომპრომისისთვის, თუ ამ გზით საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

„ნატო-ს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, რუსეთთან ავტომატურ ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას და უსაფრთხოების გარანტიას გულისხმობს, დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება“, – წერს ლუკ კოფი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე გავრცელდება ნატო-ს წესდების მეექვსე მუხლის შესწორება. ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. ანალოგიური შესწორება მიიღეს 1951 წელს, როდესაც ალიანსს საბერძნეთი და თურქეთი შეუერთდნენ.

„ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი ზომა, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება“, – ნათქვამია Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მომზადებულ ანგარიშში.