„ჰექსოგენის საქმე“ - ახალი დეტალები

ახალი დეტალები ე.წ. ჰექსოგენის საქმესთან დაკავშირებით. სუს-ის ინფორმაციით, დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. აღმოჩენილია სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა. მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა“, – აცხადებენ სუს-ში. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად, ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2 კილოგრამზე მეტი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.