გურამ შარაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გურამ შარაძის მკვლელობიდან 15 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მდებარე ემიგრაციის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. საზოგადოებას წარუდგინეს ბოლო წიგნის ელექტრონული ვერსია, რომელზეც გურამ შარაძე მუშაობდა. მასში გურიის შესახებ შესულია ისტორიული, ეთნოგრაფიული და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი მასალები. ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნს ბეჭდური სახით წელს გამოსცემს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გურამ შარაძის მიერ ჩამოტანილი ლევილის სტამბის დანადგარის პრეზენტაცია, რომელიც ამჟამად ემიგრაციის მუზეუმშია განთავსებული. ასევე გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის კოლექციიდან გადასცა ირაკლი ფარჯიანის ნახატი. რუსუდან შარაძის ინიციატივით, რამდენიმე წლის წინ, ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადავიდა. მუზეუმი მოიცავს გურამ შარაძის მიერ უცხოეთში მოძიებულ და საქართველოში ჩამოტანილ უნიკალურ არქივებს.