გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ადამიანი, რომელიც სუს-ს ექვსი წელი ხელმძღვანელობდა, დღეს დამნაშავედ სცნეს.
გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს არის ყველაზე მაღალი სასჯელი, რაც მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დღემდე გამოუტანეს. ქოლცენტრის მფარველობა, ტენდერებში ლობირება, დიდი ოდენობით ქრთამის აღება – ოთხივე ეპიზოდზე სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს და ყველა ინსტანციაში ბრძოლას აანონსებს. პროკურატურა ბრალდებას მოწმეების ჩვენებებით და მტკიცებულებებით ამყარებს, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობაზე მიუთითებს დაცვის მხარე. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დარღვევაზეც საუბრობს და მოსამართლეს მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. რეზონანსულ საქმეზე სასამართლო განხილვები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მოწმე კი ასევე პატიმრობაში მყოფი ექს-მაღალჩინოსანი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე იყო, რომელიც ერთ ეპიზოდში ფიგურირებს. ლილუაშვილმა თანამდებობა წელიწადნახევრის წინ დატოვა. იგეგმებოდა მისი რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშვნა, თუმცა გასხვავებული პოზიციების არგუმენტებით გეგმა შეიცვალა, რვა თვის შემდეგ კი პროკურატურაში მოწმის სახით მისულს ბორკილები დაადეს და დააკავეს.