გრიგოლ გუგეშაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინეს

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება მას ორი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება –  განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო ამ საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

სამართალდამცველებმა 45 წლის მამაკაცი გუშინ გამთენიისას აიყვანეს. შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს, დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი