გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
სხდომა მცირე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რაც მერისთვის დასმულ კითხვებს მოყვა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიციური პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ახალი ბიუჯეტი არ არის მორგებული გორის მცხოვრებლების ინტერესებზე. მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი. ახალი ბიუჯეტი 21 ხმით დამტკიცდა, კენჭისყრაში მონაწილეობა 23-მა დეპუტატმა მიიღო. ახალ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა. მომდევნო წლის ბიუჯეტი 69 მლნ ლარით განისაზღვრა. ის 13.5 მილიონით აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტს. ახალი ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული, კულტურული და ახალგაზრდული პროექტები, გარემოს დაცვა, განათლება და ჯანდაცვა იქნება.