გლოვის დღე

დღეს გლოვის დღეა – ქვეყანა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპულებს გლოვობს. საქართველოს პირველი არხი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს შენობებსა და პრეზიდენტის სასახლეზე.

ბათუმის ტრაგედიას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 26 მაისის ქუჩა გლოვისა და სოლიდარობის ადგილია. ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებით არის სავსე. ორი დღეა, მოქალაქეები ადგილზე გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს ანთებენ. ტრაგედიის ადგილზე მიდიან დაღუპული მოზარდების თანაკლასელებიც. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.