რა მოტივი ამოძრავებდა დარჩო ხეჩუაშვილს საზღვრის კვეთისას – ეს კითხვა ჯერ ისევ პასუხგაუცემელია. თავად გახმაურებული საქმის ფიგურანტი კი დაკავებულია. დარჩო ხეჩუაშვილს 2016 წელს გივი თარგამაძეზე მომხდარი თავდასხმის გამო, წლების განმავლობაში ეძებდნენ.
გამოძიების ცნობით, ხეჩუაშვილი საქართველოში შემოსვლას უკანონოდ და მაიდენტიფიცირებელი საბუთების გარეშე ცდილობდა. წითელი ცირკულარით ძებნილი ყოფილი სამართალდამცველი, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ბრალდებით დაუსწრებლად იყო გასამართლებული. რვა წლის წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი თავდასხმის შედეგად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადარჩა, თუმცა დაშავდა შვიდი ადამიანი. დაკავების ფაქტს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან.