გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეეფარდა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დაკავებულ ექვს პოლიტიკოსს გიორგი ვაშაძეც დაემატა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. „ლელოს“ ლიდერების მსგავსად, კომისიის სხდომაზე არ მისვლის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული გირაო ვაშაძესაც გადახდილი ჰქონდა, განსხვავებით ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძისა და ირაკლი ოქრუაშვილისგან, რომლებიც უკვე ციხეში არიან.

ოპონენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას რეპრესიებად და პოლიტიკურ დევნად აცხადებენ, ხელისუფლებამ კრიტიკული გზავნილები მიიღო უცხოეთიდანაც. მმართველი გუნდი ოპონენტებს კანონის იმ მუხლზე მიუთითებს, რომლის მიხედვით დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადება სისხლის სამართლის წესით ისჯება. ბრალდება ერთ წლამდე პატიმრობას, ან ფულად ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა უკვე განხილულ ყველა საქმეზე სასამართლოს პირველმა ინსტანციამ საპატიმრო გადაწყვეტილებები მიიღო.