საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიისაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე, გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა. მანამდე კი, პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა.
შეგახსენებთ, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გიორგი ვაშაძეს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ასევე, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, გუშინ სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ რვა თვით პატიმრობა და ორი წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ. ასევე, შვიდთვიანი პატიმრობა მიესაჯა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მასაც აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოსების დაკავებებს აფასებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური სარჩულის არსებობას აბსურდად მიიჩნევენ.