მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოქვეყნებული მიმართვა, რომელსაც ხელს 130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი აწერს, დილიდან პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. განცხადებაში მოყვანილია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ნათქვამია: „მაღალკვალიფიციური კომისიების დასკვნით, პრეზიდენტ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება არის მისი წამებით მოკვდინების აქტი, რაც არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა, რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას. ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე. მოგიწოდებთ ამ მიზნით გაერთიანებას! და ბოლოს დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი – უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენს მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის „პირად მტერს“, ციხეში წამებით მოკლავს?” – აღნიშნულია განცხადებაში.