გიორგი გახარიას განცხადება

„მმართველი პარტიის დღევანდელ  ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არც ინტელექტუალური და არც მორალური რესურსი არ აქვს“ – ასე აფასებს გიორგი გახარია ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს. უფრო მეტიც, გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელმა ხელმძღვანელობამ თავი ამოწურა. განცხადებები ამის შესახებ გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში გააკეთა.

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სწორედ პარტიის ხელმძღვანელობაში შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი, იმ წერილით და მძაფრი განცხადებით გამოსულიყო, რომლითაც ის გიორგი გახარიას პოლიტიკურ არჩევანს გამოეხმაურა. რაც შეეხება თავად წერილს, გახარია ამბობს, რომ ამ წერილში ორი რამ არის მთავარი ხაზი – ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილი მას მოღალატეს უწოდებს, მეორე კი ის, რომ მისი პარტია არ არის „ოცნება“. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ნამდვილად არ არის „ქართული ოცნება“ და ასევე ის ნამდვილად  არ არის მოღალატე.

გახარია გამოეხმაურა იმ ბრალდებებსაც, რომელზეც ერთი კვირის წინ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და განმარტა ის გარემოებებიც, რის გამოც მან თანამდებობიდან და „ქართული ოცნებიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი გახარიას განცხადებებს მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა.