გიორგი გახარიას აღიარება
ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ ოპოზიციის ნაწილის ბრალდებები კიდევ უფრო მძიმდება. ამჯერად მიზეზი ოპოზიციაში წასული ექსპრემიერის ის განცხადებაა, სადაც მან 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის ბოიკოტზე და მანდატების არგამოყენებაზე ოპოზიციის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა. გახარიამ არც ის გამორიცხა, რომ მისი 12 თანაგუნდელი, რომელთა უფლებამოსილება პარლამენტმა უკვე სცნო, საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს და სადეპუტატო საქმიანობას შეუდგეს. ყველაფერი 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შემდგომ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული -ასეთია მთავრობის ყოფილი მეთაურის პარტიის სტრატეგია, რაც კატეგორიულად მიუღებელია თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალებისთვის. პარტიები, რომლებიც თვეების განმავლობაში გიორგი გახარიას გუნდთან აქტიურად თანამშრომლობდნენ და წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატში სამომავლო გეგმებს სახავდნენ, ყოფილი პრემიერის ოპოზიციად აღიარებას შეცდომად აცხადებენ.