პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება თმის ნიმუშის კვლევის შედეგებიც.
პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზა ვენის წამყვან ჰოსპიტალში 2021 წლის 14 სექტემბერს ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით.
შეგახსენებთ, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ 13 სექტემბერს განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ მზადდებოდა პროვოკაცია, რის გამოც თმის ანალიზს ის ევროპაში ჩააბარებდა.