გიორგი გაგნიძის საიუბილეო საქველმოქმედო გალა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერლის გიორგი გაგნიძის 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა. საღამოს სპეციალური სტუმარი იყო მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი პლასიდო დომინგო, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს დირიჟორობდა. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული ოპერის სოლისტი, სოპრანო ლიუდმილა მონასტირსკა, ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის მთავარი დირიჟორი ვასილ კოვალი. გალა-კონცერტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის მხარდასაჭერად გაიმართა. გიორგი გაგნიძე საერთშორისო საოპერო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ბარიტონია. ის წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებთან, მათ შორის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერასთან, მილანის ლა სკალასა და პარიზის ეროვნულ ოპერასთან.