გიორგი ბარამიძის განცხადება – გამოკითხვები პროკურატურაში
სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის საქმეზე, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება – გამომძიებლების კითხვებს დღეს ექვსი მოწმე უპასუხებს. პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა ვეტერანთა საქმის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა. სწორედ კობა კობალაძის მიმართვა დაედო საფუძვლად გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა, ნათქვამს სრულად არ უარყოფს. მისი ეს განმარტება მისაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის, რომლებიც თანაგუნდელს მხარდაჭერას უცხადებენ. სხვაგვარად ფიქრობს უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი. მმართველი გუნდი ბარამიძის ქმედებას მავნებლურს უწოდებს.