გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ჩემპიონატში პირველი ადგილი საქართველოს ეროვნული გვარდიის გუნდმა მოიპოვა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გადასცა. მეორე ადგილი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა, მესამე ადგილი კი სპეციალური ოპერაციების სარდლობის გუნდმა დაიკავა.
მათ შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიამდე პარაკალათბურთში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შეჯიბრებაც გაიმართა. ტურნირში 19 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში ჩატარდა, ფინალურ ასპარეზობას კი ქალაქ ქუთაისში „შენგელია არენამ“ უმასპინძლა.