გია ყანჩელი გარდაიცვალა

„ხელოვნება იქმნება მარტოობაში, მე ვქმნი ჩემს თეატრს“,- ამ სიტყვების ავტორი დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოება გია ყანჩელს ემშვიდობება.

კომპოზიტორმა, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ეპოქალურ მუსიკოსად, უკანასკნელი ინტერვიუ საქართველოს პირველ არხს მისცა. როცა მას ივლისში გადაცემის „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ” შემოქმედებითმა ჯგუფმა დაურეკა და გია დანელიას გახსენება სთხოვა, ავადმყოფობის გამო გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მეორე დღეს თავად დარეკა და, შეუძლოდ ყოფნის მიუხედავად, ინტერვიუს დათანხმდა. მაშინ თქვა, რომ გია დანელიასთან თანამშრომლობა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო, თუმცა ლეგენდარულმა მუსიკოსმა არაერთი ცნობილი ქართული ფილმისა თუ სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკის გარდა მსოფლიოს თავი სიმფონიური მუსიკით გააცნო. მისი კომპოზიციები წლების განმავლობაში სრულდებოდა მსოფლიოს წამყვან საკონცერტო დარბაზებში. ამიტომ გია ყანჩელის შემოქმედება საქართველოსთან ერთად უკვე მსოფლიო კულტურის ნაწილია.

მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟში პირველი არხის ოქროს ფონდში დაცული საარქივო მასალებია გამოყენებული.