ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. ზავი ადგილობრივი დროით 11:15 წუთზე ამოქმედდა. ეს პროცესი თითქმის სამი საათით გადაიდო, რადგან ისრაელში აცხადებდნენ, რომ შეთანხმება იქამდე არ შევიდოდა ძალაში, სანამ „ჰამასისგან“ მძევლების სიას არ მიიღებდა. „ჰამასმა“ დაგვიანება ტექნიკური მიზეზებით ახსნა და მოგვიანებით იმ მძევლების ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებსაც შეთანხმების პირველ ფაზაში გაათავისუფლებს. ესენი 7 ოქტომბერს აყვანილი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული მძევლები არიან. დღეს გეგმის მიხედვით, სამი მძევალი გათავისუფლდება, ხოლო მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, ინტერვალებით, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლებიდან ასობით პალესტინელ პატიმარზე ჯამში 33 ტყვე უნდა გაიცვალოს. ზავის პირველ ფაზაში ასევე ისრაელის ძალები დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს. რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს, მათ მიეცემათ საშუალება დაიწყონ სახლებში დაბრუნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველდღიურად ღაზის სექტორში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად. ცეცხლის შეწყვეტის ზავი სულ სამ ეტაპადაა დაყოფილი. „ჰამასთან“ დაზავების გამო, ისრაელის მინისტრთა კაბინეტი დატოვა სამმა წევრმა – ეროვნული უსაფრთხოების, მემკვიდრეობისა და ეროვნული მდგრადობის მინისტრებმა. ისინი გარიგებას ტერორიზმის გამარჯვებად აფასებენ. პარტია „ოცმა იეჰუდიტი“ კი მმართველი კოალიციიდან გადის.