ღარიბაშვილის წერილი – პოლიტიკური შეფასებები
პოლიტიკური დღის წესრიგის თემაა „ქართული ოცნების“ მისამართით ყოფილი პრემიერის ბრალდებები. ვნებათაღელვა არ ცხრება ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შემდეგ დაწყებული გამოძიების გარშემოც. საუბარია უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე. ერთ-ერთ ბოლო წერილში ექს-პრემიერმა ხელისუფლებისადმი კრიტიკული განცხადებით ცნობილი უფლებადამცველის თვითმკვლელობაზე ეჭვები გამოთქვა და ბოლო პერიოდის რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითა. მწვავეა „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებები. მმართველი პარტიის წევრები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ღარიბაშვილის წერილები ოპოზიციის გზავნილებს ემთხვევა. ციხიდან გაკეთებული განცხადებების მიღმა საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობას ხედავენ გახარიას გუნდის წევრები. მორიგი წერილი ყოფილმა პრემიერმა გუშინ გაავრცელა. მთავრობის ყოფილი მეთაური იმ ადამიანების დაკითხვას ითხოვს, რომლებსაც უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, მისი ინფორმაციით, თავადაც აქვთ შეკითხვები. ჯორბენაძე, რომელმაც, ოფიციალური ვერსიით, თავი მოიკლა, ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა, ერთ-ერთ ინტერვიუში კი ამტკიცებდა, რომ მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილი გადასცა.