ღარიბაშვილის წერილი – გამოხმაურება
ირაკლი ღარიბაშვილის წერილი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის შეფასებით, როცა შენი სიტყვები ოპოზიციის რადიკალური ფრთისთვის ხელსაყრელი ხდება, რაღაცას არასწორად აკეთებ. აღნიშნულს ეხმაურება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ ღარიბაშვილმა მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ, საპატიმროდან „ქართული ოცნების“ და პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო. ღარიბაშვილის წერილი, ნიკა გვარამიას თქმით, დასაიგნორებელი არ არის, რადგან მისი თქმით, ყოფილი პრემიერი, ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ციხიდან კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა. ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სწორედ მის საქმეს უკავშირებს. ღარიბაშვილი ნეგატიურ კონტექსტში ახსენებს ირაკლი კობახიძესაც და წერს, რომ მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა, მისი და კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს ვერ წაშლის.