ღარიბაშვილის ბრალდებებზე გამოძიება დაიწყო
ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო რეზონანსული განცხადებით გამოძიება დაინტერესდა. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესწავლის საგანი ხდება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის წერილის ის ნაწილი, რომელიც უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეს ეხებოდა. ცოტა ხნის წინ გამომძიებლებმა ექს პრემიერ-მინისტრი გამოკითხეს, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს ის ოპოზიციონერი ლიდერებიც, რომლებიც სწორედ ღარიბაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით ჯორბენაძის და სხვა რამდენიმე საქმის გამოძიების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ჯორბენაძე, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებს მწვავედ აკრიტიკებდა, 4 აპრილს გარდაიცვალა. პროკურატურა გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებს. თუმცა გუშინდელ წერილში ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ბოლოდროინდელი თვითმკვლელობების საქმეებიც ახსენა და ირიბად ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითა. ეს იყო მოქმედი პრემიერის მიმართ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირველი მწვავე კრიტიკის და ბრალდებების შემცველი განცხადება, რომელიც მეორე დღეა, პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა.